2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა. ასეთი შედეგი „ევრობარომეტრის“ კვლევაშია მოყვანილი, რომელიც ქვეყანაში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა. სპეციალისტებმა 1011 რესპონდენტი გამოჰკითხეს.
გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია „არ ვიცი“. გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.
საქართველოში შემოდგომას ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, 9%-ით შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია (60%). რესპონდენტთა 7% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა ცუდია, 28% კი ფიქრობს, რომ ეს არც კარგია, არც ცუდი. გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისგან სარგებელს მიიღებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 7%-ით არის შემცირებული.
გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა , 44% კი არ ენდობა. რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.
„ევრობარომეტრი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერიაა, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით 1974 წლიდან ტარდება.