პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ენათმეცნიერმა და აკადემიკოსმა, პროფესორმა ავთანდილ არაბულმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ასეთი ტაქტი ჰქონდა, რომ როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ისინი უტევდნენ მათ ლიდერს. მისივე თქმით, მათ მიზანში ამოიღეს სამი ინსტიტუცია – სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია.
„მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, როდესაც ინსტიტუციას უტევდნენ, ლიდერს უტევდნენ, მიზანში ამოიღებდნენ და ამოიღეს, სამი ინსტიტუცია იყო მაშინ მათი შეტევის უმთავრესი საგანი, ეს არის ბურჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა – ჩვენი სამოციქულო ეკლესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია. ამ მიმართულებით განვითარდა და ზუსტად ერთი მეთოდი იყო, ბატონი როინის [მეტრეველი] წინააღმდეგ გაილაშქრეს, როინი იყო ისეთი გამოკვეთილი და მეორე მხრივ აკადემიის მისამართით. ასეთი შეტევა განხორციელდა ალბერტ თავხელიძეზე, უდიდეს ფიზიკოსზე, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი და ვერ გაუძლო ამ შეტევას სხვათა შორის, წარმოგიდგენიათ, რომ ალბერტ თავხელიძეს დააბრალეს, რომ გაყიდაო აკადემ-ქალაქი, პირდაპირ იქ აკადემიის ინსტიტუტები უნდა დაფუძნებულიყო, რამდენიმე აშენდა კიდევაც და ვითომ ის მიწები იყიდებოდა. ალბერტ თავხელიძე ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა, გაერიდა, იმიტომ, რომ მან თქვა, რომ როდესაც ნიაღვარი მოდის, უნდა გაერიდო. მან შეატყო რა პროცესიც იყო, მითუმეტეს მას რუსეთში ჰქონდა გამოცდილება ტოტალიტარული რეჟიმი რას ნიშნავს“, – განაცხადა ავთანდილ არაბულმა.