ლივერპულში ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმის დროს ტერიტორიაზე მანქანა შევარდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
ფეხბურთის გულშემატკივრები ლივერპულის პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი.
„ჩვენთან ზარი 18:00 საათზე შემოვიდა. გვაცნობეს, რომ ვოტერის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ხალხს დაეჯახა. დაკავებულია 53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი ლივერპულის რეგიონიდან“, – განაცხადეს პოლიციაში.
მომხდარის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
თვითმხილველები „სქაი ნიუსთან“ ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ყვირილის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი საზარელი სცენა დახვდათ.
მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც.
„ლივერპულში მომხდარი ამბავი საშინელებაა – ჩემი ფიქრები ყველა დაშავებულთან და დაზარალებულთანაა. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას და საგანგებო სამსახურს ამ შოკის მომგვრელ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.