13 მაისი, სამშაბათი, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

ზუგდიდში გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“-ს პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ავსტრიელი მწერლის არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი საქართველოში ჩამოყალიბდა მწერლად. ბარონი ზუტნერი უცხოელის თვალით, უბის წიგნაკით ხელში, აკვირდებოდა ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში შეჰქონდა. მის შემოქმედებაში ჩვენი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად წარმოდგენილია როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ხოლო ავტორი გვევლინება როგორც პირველწყარო და იმდროინდელი ქართული ყოფის ჟამთააღმწერელი.

წიგნის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: დავით ვერავა, დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“. ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს.

არტურ ზუტნერი, მშვიდობის დარგში ნობელის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის მეუღლე იყო, ის 1850-1902 წლებში მოღვაწეობდა.ზუტნერები 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ.

წიგნი გერმანულიდან თარგმნა თამაზ გვენეტაძემ, გამოსცა გამომცემლობა „არატანუჯმა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები