15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025
15 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ზუგდიდში ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 14 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ავსტრიელი მწერლის არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრება.

ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი საქართველოში ჩამოყალიბდა მწერლად. ბარონი ზუტნერი უცხოელის თვალით, უბის წიგნაკით ხელში, აკვირდებოდა ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში შეჰქონდა. მის შემოქმედებაში ჩვენი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად წარმოდგენილია როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ხოლო ავტორი გვევლინება როგორც პირველწყარო, იმდროინდელი ქართული ყოფის ჟამთააღმწერელი.

კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“. ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს. მოთხრობები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გადაგიყვანთ და მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ორომტრიალში ჩაგრთავთ.

არტურ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში.

არტურ ზუტნერი, მშვიდობის დარგში ნობელის პირველი ლაურიატი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის მეუღლე იყო, ის 1850-1902 წლებში მოღვაწეობდა

წიგნი გერმანულიდან თარგმნა თამაზ გვენეტაძემ, გამოცემულია გამომცემლობა არტანუჯის მიერ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები