საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმეს. „რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.
თამაშს ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი იანჰაინ პიტერსე.
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე.
„რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს – ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ შორის შვეიცარიელებთან გამართული მატჩი სარეკორდო ანგარიშით – 110:0 დაასრულეს.