21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

აფხაზური ოპოზიციის მტკიცებით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაიქცა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით კი, იგი მშობლიურ სოფელ ტამიშშია

აფხაზური ოპოზიცია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს, ამტკიცებს, რომ იგი გაიქცა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

როგორც ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მიქაა აცხადებს, მოლაპარაკებები შეწყდა იმის გამო, რომ ე.წ. პრეზიდენტი გაიქცა და ის რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

ამასთან აფხაზური ოპოზიცია აპირებს, რომ თუ ბჟანია არ გამოჩნდება, დილიდან ე.წ. პარლამენტში მისი გადადგომის საკითხს განიხილონ.

თავად დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური კი აცხადებს, რომ ბჟანია არა სამხედრო ბაზაზე, არამედ მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს შეკრება სცადა, რათა საბჭოსთვის დე ფაქტო ადმინისტრაციული შენობების შტურმი დაევალებინა, მაგრამ დე ფაქტო საბჭოს წევრები მას არ დაემორჩილნენ და შეკრება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით კი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ ე.წ. საბჭოს სხდომა არ გამართულა, თუმცა, ბჟანიამ ძალოვნებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

სოხუმში ვითარება გუშინ უკიდურესად დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს. საღამოს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ხელშეკრულების უკან გაწვევის მომზადება დაიწყო.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა.
მოგვიანებით კი მომიტინგეები სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები