3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ბათუმი „გასტრო ბათუმს“ უკვე მეორედ უმასპინძლებს

16-17-18 ნოემბერს, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან. ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, მეორე-მესამე დღეს კი ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

17-18 ნოემბერს, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები