4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე: 2030 წლამდე ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ათობით მილიარდი ლარით გავზარდოთ ეკონომიკა და შესაბამისად გავზარდოთ ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა და სიღარიბე და საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენამდე განცახდება გააკეთა, რომელსაც ონლაინგამოცემა “მხარე” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს.

ვიდრე სიის წარდგენას შევუდგებით მინდა შეგახსენოთ განვლილი ოთხი წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც იყო აღსავსე ურთულესი გამოწვევებით ჩვენი ქვეყნისთვის.

ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმე თვიანი საბოტაჟი. ასევე ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავსმოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას. ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. ყველას გახსოვთ შუალედში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით „ქართული ოცნების“ გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მიეყვანა. საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან.
ყველას კარგად გახსოვთ 2022 წლის მოვლენებიც. უმძიმესი ზეწოლა, რომელიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გამოიარა. ყველას გახსოვთ ღია მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ მოთხოვნები სანქციებთან მიერთებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის შესახებ, რომელთა გარშემოც ქუჩაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები იმართებოდა. ყველას გახსოვთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ორი მოთხოვნის არშესრულების გამო, საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, რამაც საზოგადოებაში მაშინ სერიოზული მღელვარება გამოიწვია.
მოგვიანებით, ყველას გახსოვთ სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ, რის საფუძველზეც, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ ურთულესი წელიწად ნახევარი, 2023 წლის დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივების უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. თუმცა, ისიც ყველას გახსოვთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა და 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო. ასევე, ყველას გახსოვთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები, საუკუნის აფერა, უამრავი სიცრუე და ყალბი ბრალდება ლიბერალურ ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანია და თავდასხმები პარლამენტარებზე, რასაც მათ ღირსებით უპასუხეს.

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს. არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე ზრუნვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

სამი ათასი წლის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითმყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს.

ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ დეპუტატს გასული ოთხი წლის განმავლობაში გამოვლენილი თავდადებისთვის, პრინციპულობისთვის და პატრიოტიზმისთვის. რომ არა თქვენი პატრიოტიზმი, პრინციპულობა და თავდადება დღეს საქართველო იქნებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. საქართველო არ იქნებოდა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს და საქართველოს არ ექნებოდა განვითარების ისეთი ფართო პერსპექტივა, როგორიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პარლამენტის წევრს ამისთვის.

გასული ოთხი წლის მიღწევები არის იმის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. გასული ოთხი წლის მანძილზე ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, 10 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, 350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში, შევქმენით 146 ათასი სამუშაო ადგილი და საქართველოსთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ზუსტად ანალოგიურად 2030 წლამდე ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ათობით მილიარდი ლარით გავზარდოთ ეკონომიკა და შესაბამისად გავზარდოთ ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა და სიღარიბე და საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში. თქვენთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები