16 სექტემბერი, ორშაბათი, 2024
16 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

შალვა პაპუაშვილი – მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ხედვამ რეალობად აქცია ეს პროექტი – დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში

საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცოდნენ, რომ ქვეყნის ძლიერების საფუძველი განათლებული ხალხია,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველებს არა მხოლოდ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება, არამედ საქართველო უნდა იქცეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოწინავე რგოლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.

,,სწორედ აქ, ქუთაისში, დავით აღმაშენებელმა დააარსა გელათის აკადემია, სადაც სხვებთან ერთად ისეთმა სწავლულმა ქართველებმა, როგორებიც არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი იყვნენ, იმდროინდელი ევროპის მოწინავე განათლება დანერგეს და აკადემია ევროპული საგანმანათლებლო სივრცის თანაშემოქმედად აქციეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც ამ ტრადიციებს ეყრდნობა და აგრძელებს. ვინაიდან, ისევე როგორც გელათის აკადემიის დროს, ქართველებს არა მხოლოდ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება, არამედ საქართველო უნდა იქცეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოწინავე რგოლად. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მალე დატოვებთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარემოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწავლის პროცესი მუდმივად გრძელდება. თქვენ მიერ აქ შეძენილი ცოდნა ჯერ კიდევ დასაწყისია. გააგრძელეთ განვითარება ისეთივე მონდომებითა და შემართებით, რომლებმაც დღევანდელ მომენტამდე მოგიყვანათ.

დასასრულს, მადლობას ვუხდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ახალგაზრდების წარმატებაში. ასევე, დიდი მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებიც დღესაც, ამ მნიშვნელოვან დღეს, თქვენ გვერდით არიან. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რომლებსაც კურსდამთავრებულები თქვენგან მუდმივად გრძნობენ. და რა თქმა უნდა, გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ხედვამ, ძალისხმევამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ რეალობად აქცია ეს უნიკალური პროექტი. ისევე როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ბევრი სხვა შედეგი, დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები