საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე არსებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
არსებული საფეხმავლო ხიდი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივესთან მდებარეობს და მისი პარამეტრები არ იძლევა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას. ამიტომ, სოფელ სათივესთან ავტომობილით მისვლისათვის საჭიროა დამატებით 9 კილომეტრის გავლა. კერძოდ, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზიდან სოფელ ახალდაბაში ჩასვლა და შემდგომ ადგილობრივ საავტომობილო გზაზე უკუმიმართულებით გადაადგილება.
ამასთან, სოფელ ახალდაბიდან სოფელ სათივესთან დამაკავშირებელი გზის დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია. გადის რთულ რელიეფურ პირობებში და უამინდობის დროს გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტომობილით გავლა თითქმის შეუძლებელია.
აღნიშნული მიმართულებით, ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფელ სათივეს ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელ მანძილს, გადაადგილების დროს და ხარჯებს. რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას ახალი, უსაფრთხო და კომფორტული გზით და ხიდით შეძლოს სარგებლობა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 9.5 მლნ. ლარამდეა და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.









