ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან – „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში რეგიონის შენობები ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.
4 ოქტომბერს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები და მოწვეული ექიმები მოქალაქეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეხვედრების მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდებათ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, 12:00 საათზე გაიმართება.
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ცნობიერების ამაღლებასა და რეგულარულ სკრინინგს ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.









