ჩვენ, ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები – შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ევროპული გზისგან განსხვავებით, რაც ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულება გამოცლილი ქვეყნის გზას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა, ღირსებით წინსვლა და არა სხვებთან უსიტყვოდ დათანხმება, არამედ შეთანხმებაა.
„ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის
და დანიშნულება გამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი – ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმებაა.
ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.“ – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას.








