გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა. ამავე დროს, გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.
შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.
გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.









