სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამით, როგორც სააგენტო წერს, დასრულდა ვუჩიჩის მეორე და უკანასკნელი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა, რაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ქმნის.
ვუჩიჩის გადადგომა, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე, სერბეთში 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მოხდა. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, თუ მისი „სერბეთის პროგრესული პარტია“ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, იუწყება Reuters-ი.
ვუჩიჩმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა და სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა.
ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის წინ, ვუჩიჩის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და მას შეძახილებითა და ოვაციებით მიესალმა.
„ეს ჩემი ბოლო საღამოა ამ შენობაში… მე ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს… ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“, – განუცხადა მან დროშებით ხელში შეკრებილ მხარდამჭერებს თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობა 30-დან 60-დღემდე იქნება.
„დეკემბრის ბოლომდე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.









