4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სამგზის მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი: ან ჩვენი ქვეყნის ლიდერთა განცხადებებში გამოყენებულმა სიტყვებმა შეიძინეს განსხვავებული შინაარსი ევროპის ქვეყნებში, ან ევროპელ პოლიტიკოსებს აქვთ აღქმის პრობლემა

აკადემიკოსი, სამგზის მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„რას გვერჩიან! „საცა გინდათ თუ არ გინდათ, მთელს ქართველ ერს თავზე ლაფს ასხამენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან…’’
ილია ჭავჭავაძე

ქვეყნის ძლიერ დამაზიანებელი მიმდინარე მოვლენები რომ არა, არ მიგვაჩნდა მაინცდამაინც საგანგაშოდ და თითქმის შევეგუეთ აშშ-სა და ევროკავშირის რიგი პოლიტიკოსებისა და მათი სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულებას. გვეგონა, ასეთი მდგომარეობა განპირობებული იყო იმით, რომ ევროკავშირის თუ აშშ-ს იმ უმაღლესი თანამდებობის პირები და მათი მრჩევლები, საკუთარ ქვეყნებში და მსოფლიოში არსებული უამრავი სერიოზული პრობლემების გამო, ვერ იცლიდნენ ტერიტორიულად პატარა და კიდევ უფრო მცირე ეკონომიკის მქონე (ჩვენთვის კი ერთადერთი და უმშვენიერესი) ქვეყნის პრობლემებში თუ მიღწევებში გასარკვევად.

აღმოჩნდა, რომ ვცდებოდით: ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში სავარაუდო სპეციალური წარმომადგენლის ქალბატონი კიმბერლინ ლოუს ინტერვიუმ დაგვანახა, რომ აშშ-ში შესანიშნავად იციან ჩვენი შიდა პრობლემებიც და ის მიზეზებიც, თუ რატომ გააუარესა უსამართლოდ აშშ-ს წარმავალმა ადმინისტრაციამ და ევროკავშირის ამჟამინდელმა ლიდერებმა ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. ასევე, ჩანს, რომ კარგად იცის ეს ევროპარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა, კერძოდ სლოვაკმა ლუბოშ ბლაჰამ.

დროებით დავანებოთ თავი საქართველოს შესაწირი ცხვრის მდგომარეობაში ყოფნის მოსურნე „გამოჩენილი“ პოლიტიკოსების განცხადებებს და ქალბატონ კიმბერლინ ლოუსა და ბატონ ლუბოშ ბლაჰას საინტერესო, იმედის მომცემ ინტერვიუებში გამომჟღავნებულ ინფორმირებულობას შევადაროთ ყველაზე მცირერიცხოვანი და შედარებით უპრობლემო ქვეყნის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბატელის, მ/წ 04 ნოებრის, განცხადებას: „ისინი ახლოს იყვნენ ევროკავშირთან და ჩვენ მოლაპარაკებები გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ. მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში უნდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“.

რა შეიძლება გავიგოთ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ნათქვამიდან:

1. თურმე, ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაუხსნია, ჩვენს ხელისუფლებას კი ეს საზოგადოებისთვის დაუმალავს, საქმე დამთავრებულად ჩაუთვლია და უმალ ევროპის გზაზე სვლაც შეუწყვეტია;

2. ქსავიე ბატელმა იცის, რომ მთავრობასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის პრობლემები არსებობს, მაგრამ არ აინტერესებს და ამიტომ არც იცის, ვინ და რა არის ამ პრობლემების შემქმნელი;

3. გარდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა, თურმე სხვასაც უთხოვია ქსავიე ბატელისთვის არჩევნების შედეგების არ აღიარება. რატომ დაგვიტოვა სამარჩიელოდ ის, თუ ვინაა ეს სხვა, ჯოზეფ ბორელი, შარლ მიშელი, ტონი ბლინკელი თუ ყველაზე უნდა ვიეჭვიანოთ;

4. ქსავიე ბატელმა ანგარიში უნდა ნახოს (ალბათ, ეუთო/ოდირის) და თუ დარწმუნდება მასში, რომ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ წესების დაცვით გაიმარჯვა, მზადაა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას პატივი სცეს. პატივისცემა, რაღა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ გამოდის რომ ის იძულებული იქნება პატივი სცეს გამარჯვებული პარტიის ამომრჩეველთა არა ევროკავშირისკენ სვლის, არამედ მისი შეწყვეტისა და სხვა გზაზე დადგომის ნებას.
რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ქსავიე ბატელის ნაირი ზერელე პოლიტიკოსებისგან, რომელთა თანხმობის გარეშე არ მიიღება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები!

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან ჩვენი ქვეყნის ლიდერთა განცხადებებსა და განმარტებებში გამოყენებულმა სიტყვებმა შეიძინეს განსხვავებული შინაარსი ევროპის ქვეყნებში, ან ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობას გაუჩნდა ამ განცხადებებისა თუ წაკითხული, მათი აზრით, გასაუქმებელი კანონების და ძალადობით ხელისუფლების დამხობის მცდელობის ამსახველი გავრცელებული სატელევიზიო კადრების აღქმის პრობლემა. რადგან გამოსარიცხია ერთიც და მეორეც, სხვა რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს კაცმა, გარდა იმისა რომ ფლიდ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე. აღნიშნულის უახლესი მაგალითია მ/წ 9 დეკემბერს გავრცელებული ევროკომისიის ანგარიშიც საქართველოს შესახებ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ გამოვლენილმა ინფორმირებულობამ და განწყობებმა, ასევე ჩვენი ქვეყნის ლიდერების შემართებამ მტკიცედ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი, მოგვცა იმედი, რომ გვიჩნდება ღონე დავარწმუნოთ მტერ-მოყვარე ჩვენს სიმართლეში.

და ბოლოს, გავიხსენოთ დიდი ილიას დამოკიდებულება მაბეზღართა მიმართ, და როგორ წუხდა ის ქართველთა უმწეობაზე გაეტანა სიმართლე:

„ყველაზე საშიში და საზიზღარი ბეზღობა ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა, ყოველ ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს“.
ანზორ ჭლიკაძე, ზურაბ ცქიტიშვილი

P.S. ვუთანაგრძნობთ ძალადობის მსხვერპლთ. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მ.შ. ყველა ჟურნალისტის მიმართ. ვუერთდებით მოთხოვნას, დროულად იქნენ გამოვლენილი და დასჯილნი მოძალადენი და ძალადობის ორგანიზატორები“, – წერს ცქიტიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.