საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
დღევანდელი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.
„ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ, როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, 1797-ე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ამით დღევანდელ სხდომას ვამთავრებთ. მთლიანად ამოწურულია როგორც თქვენი მოსმენა, ასევე ყველა ეტაპი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში. მადლობა ყველას მოთმინებისთვის, მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტები და საზოგადოება იყო დაინტერესებული ამ პროცესის მიმდინარეობით, ეს ბუნებრივია“, – მიმართა მერაბ ტურავამ პროცესის მონაწილეებს.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები – თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები, პარლამენტის 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.









