„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ – ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან და იმპერიულ ამბიციებთან მუდმივი ჭიდილის ქრონიკაა, ჩვენს მიწაზე სხვადასხვა სარწმუნოების, ენისა და ტრადიციის ხალხები ოდითგანვე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთიან ეროვნულ სხეულს ქმნიდნენ. საამაყოა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა – ამის უტყუარი დასტურია ჩვენს დედაქალაქში საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართველი ხალხი ყოველთვის ღია იყო მსოფლიო კულტურებისთვის, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითკმარობა.
როდესაც ევროპული ცივილიზაციის საწყისებზე ვსაუბრობთ და ელინურ ფილოსოფიასა თუ რომაულ სამართალს ვიხსენებთ, გვმართებს დავაფასოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაც – ფაზისის კოლხური აკადემიიდან მოყოლებული, ქართულ ინტელექტუალურ გონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპული და ქრისტიანული იდენტობის ფორმირებაში. საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე. უმდიდრესი სულიერი საგანძურით, უძველესი დამწერლობითა და ისეთი საგანმანათლებლო კერებით, როგორიცაა გელათისა და იყალთოს აკადემია, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს, თავისუფლებასა და უზენაეს ეროვნულ იდეალებს ეფუძნებოდა. ქართული ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება და ლიტერატურა ორგანულად აერთიანებდა და კიდევ უფრო ამდიდრებდა როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს.
ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი. დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ — მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში.
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები. მჯერა, რომ მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას – ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.









