„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის თაობაზე საპარლამენტო ოპოზიცია ეხმიანება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ თუ ვინმემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“.
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ამ საკითხის წამოწევით მმართველი გუნდი მორიგ ბარიერს აღმართავს ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯის უკან დგას სურვილი, წინასაარჩევნოდ ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ, ამის გაკეთებას კი სწორედ პრეზიდენტის ხელით აპირებენ.
„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პრეზიდენტს ბევრჯერ დაურღვევია კონსტიტუცია, ამიტომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.









