შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
ახლად არჩეულ ჯგუფში შედიან „მწვანეთა პარტიის“ წევრები: ლეილა ალი ელმი, მურსალ ისა და მოჰამედ აბდუქანი. გარდა ამისა, „მემარცხენე პარტიიდან“ მანდატები ილიას ჰასანმა და მოჰამედ აბდუქარდირ ალიმ მოიპოვეს.
პარალელურად, Reuters-ის ცნობით, შვედეთის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სტოკჰოლმის პოლიციის განცხადებით, წინასწარი მოკვლევა ხუთი საჩივრის მიღების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ამომრჩეველზე ზეგავლენასა და ხმების სავარაუდო მოსყიდვას ეხება.
ამ საქმეში გამოძიების მთავარი მოქმედი პირი „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატობის კანდიდატი მოჰამედ აბდუკარდირ ალი გახდა, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენში პარტიის სხვა წარმომადგენლებს მოულოდნელად გაუსწრო.









