„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ შიდა ფრენების სუბსიდირება, რაც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და, ამავდროულად, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი – უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტისა და ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც. ისინი მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონში და სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციის განვითარებას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.
„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარებისა. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც – საავიაციო სკოლისა და ავიაკლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებსა და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მის მხარდაჭერაში კი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.









