“ლელოს” აქვს მწყობრი და მკაფიო პროგრამა – მარშალის გეგმა, რომლითაც 2020 წლის არჩევნებზე წარვდექით. მოგეხსენებათ, საიდან მოდის ტერმინი “მარშალის გეგმა” და იცით, რომ ეს იყო ევროპის აღდგენის გეგმა. რუსული ოკუპაციის დასრულების შემდგომ საქართველოს სწორედაც მარშალის გეგმის მსგავსი სერიოზული პროექტი სჭირდება. როდესაც ჩვენ ამ წინადადებით გამოვედით, ყველა გაოცებული გვიყურებდა, ვინ აპირებს ჩვენთვის ასეთი მასშტაბური დახმარების გაწევასო. აგერ ახლა, საუბრის დასაწყისში თქვენ თავად მოჰყევით, რომ დასავლეთი მზად არის ჩვენს დასახმარებლად და მხარს გვიჭერს. ჩვენი აზრით, თუ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოში ძალიან სწრაფად დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. “ლელომ” სათანადოდ მიიტანა ეს ყველაფერი საზოგადოებამდე?! ვერა! ჩვენც შეცდომებზე ვსწავლობთ. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის ყველაფერს უკეთ დავანახვებთ ამომრჩეველს. ნათლად წარმოვადგენთ ქვეყნის წინსვლისა და სამშობლოდან გაქცევის ნაცვლად სამშობლოში დაბრუნების სქემას. ამის დასტურად წალენჯიხის მაგალითი გვაქვს. რაც შეეხება ომსა და მშვიდობას, ხელისუფლებას სურს ჩვენ მუდმივად თავს ვიმართლებდეთ. არადა, ვისაც ამ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება, ყველას შეუძლია დანახვა, რომ “ლელოზე” მშვიდობისმოყვარე პოლიტიკური ჯგუფი არავინ არის, გინდა გუნდურად და გინდა ინდივიდუალურად!” – ამბობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას.








