საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.








