როდესაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით თანამედროვე საბრძოლო ტანკებს ან მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ამის შედეგია მეტი თავსებადობა, მეტი ნატოს სტანდარტები, დოქტრინები და თანდათანობით გადასვლა საბჭოთა ეპოქის დოქტრინებიდან, სტანდარტებიდან და აღჭურვილობიდან ნატოს სტანდარტებზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„კომუნიკეში ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს, რადგან ბევრად უფრო მეტად მიუახლოვდა ნატოს. 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტს ვესწრებოდი, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი და კარგად მახსოვს დისკუსია. რა თქმა უნდა განხილვა ახლა სრულიად განსხვავებულია მრავალი მიზეზის გამო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ იმყოფება, ასევე იმიტომ, რომ უკრაინა უფრო დაუახლოვდა ალიანსს მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2014 წლიდან. ნატოს მოკავშირეებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა და აღჭურვა და გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ნატომ მხარდაჭერა გააძლიერა. უკრაინამ აჩვენა შესაძლებლობები, უნარები და უფრო და უფრო ინტეგრირებულია ნატოში. ეს ასევე იმ აღჭურვილობის შედეგია, რომელსაც უკრაინას ნატოს მოკავშირეები აწვდიან. როდესაც ჩვენ ვაწვდით თანამედროვე საბრძოლო ტანკებს ან მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ამის შედეგია ასევე მეტი თავსებადობა, მეტი ნატოს სტანდარტები, დოქტრინები და თანდათანობით გადასვლა საბჭოთა ეპოქის დოქტრინებიდან, სტანდარტებიდან და აღჭურვილობიდან ნატოს სტანდარტებზე.
რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ F16-ის პილოტების მომზადებას, ეს კიდევ უფრო აამაღლებს მნიშვნელოვან თავსებადობას, რომელიც ყოველთვის იყო ნატოს წევრობისთვის მოთხოვნად დასახელებული. ასე რომ, ეს აახლოებს უკრაინას ნატოსთან და ნატოს წევრობასთან და ასევე ასახავს იმ ფაქტს, რომ ნატო უფრო დაუახლოვდა უკრაინას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.









