ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ მშვიდობის პირობებში და სწორად გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გორბის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შეფასებისას. მისი თქმით, ეს შედეგები მოსალოდნელი იყო.
„რა თქმა უნდა მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად ის სერვისები, რაც მიწოდება ჩვენს მოსახლეობას, იზრდება, ამიტომ, მმართველი პარტიის რეიტინგიც იზრდება. ასე რომ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ტემპებით ვაპირებთ ამ წარმატების განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის პოლიტიკის განმტკიცებას“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.








