პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მისამართით საჯაროდ გამოთქმულ მუქარას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე. ბოჟაძის შეფასებით, პარტიის ლიდერები წარსულში ჩადენილს არ ნანობენ და კვლავ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევიან.
„ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არათუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას, თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ამიტომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ნიკა გვარამიამ ნინო წილოსანის შესახებ ტელეეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონკრეტულ ადამიანებს „ბევრ რამეს ათქმევინებს“. მან წილოსანს ასევე მოუწოდა, რომ მისთვის აჯობებს, ამ ეტაპზე ჩუმად იყოს.









