„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
დეპუტატი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი არ არის არაკანონიერი და უსამართლო. გურამ მაჭარაშვილი მოუწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პროცესის მიმდინარეობას უტრირებს, მოისმინოს საგამოძიებო კომისიის სხდომები და ამის შემდეგ დაასკვნას, უნდა აიკრძალოს თუ არა მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები.
„ჩვენ შემთხვევით არ მიგვიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის – ამას წინ უძღოდა ჩვენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში მოისმინა იმ ტანჯვა-წამების შესახებ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა.
არაერთხელ მოვუწოდეთ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს თვალი ედევნებინათ ამ კომისიისთვის და პასუხი გაეცათ კითხვაზე – როგორ შეიძლება, ეს პარტია ევროპული სტანდარტების შესაბამისი და მომავლის პარტია იყოს [როგორც ეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა]. მათ უნდა მოესმინათ იმ სხდომებისთვის, რომლებზეც მოწმეები ჰყვებოდნენ ყველაფერს. ვინც შეძლო, ვინც გადაურჩა და ცოცხალი იყო, მოვიდა და ყველაფერი მოჰყვა. ამ ყველაფერს თან ახლდა ვიდეომტკიცებულებები, იყვნენ ცოცხალი მოწმეები, არსებობდა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ. როგორ შეიძლება, ეს პროცესი ბოლომდე არ მივიდეს? ვინმეს წარმოგიდგენიათ, მაგალითად, გერმანიაში, ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას, იმ ფაშისტური პროცესების შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობა მიეღო? სწორედ იმ ფაშისტური პროცესების შემდეგ, მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად, დაიწყო ნიურნბერგის პროცესი, რათა პარტიებს აღარ ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
იმედი მაქვს, მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი, თუმცა, ამასაც თავისი ვადები აქვს. მინდა განვმარტო მათთვის, ვინც ამ პროცესს უტრირებს – არავინ აპირებს, უკანონოდ და უსამართლოდ აკრძალოს რაიმე. ამ ხალხს ვურჩევ, ჩამოუარონ იმ დაზარალებულ ოჯახებს და გაესაუბრონ მათ, ვინც ცოცხალი დარჩა. შეუძლიათ, გაეცნონ კომისიის სხდომებსა და კომისიის დასკვნას, მოუსმინონ დაზარალებულების მდგომარეობას და ამის შემდეგ თქვან, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ტიპის ე.წ. პარტია, რომლის შესახებაც დადასტურებულად არის ცნობილი, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომ ის ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.









