შევხედავთ ჩვენ საერთაშორისო ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს და ცხადია, გვექნება შესაბამისი რეაგირება იქ, სადაც ასეთი რეაგირება აღმოჩნდება, რომ არის საჭირო ან შესაძლებელი, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, თუ ელოდებიან რაიმე შენიშვნებს ან ხარვეზების შესახებ მოსაზრებებს ეუთო/ოდირიდან.
გიორგი შარაბიძის თქმით, არჩევნების შემდგომ ყველა საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა.
„რა თქმა უნდა, მათ შორის, ეუთო/ოდირის მისიასთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, ცხადია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნება. შესაბამისი ინსტიტუციები ამასთან დაკავშირებით მუშაობენ.
როდესაც ნეიტრალურ დაკვირვებასთან გვაქვს საქმე, არ არსებობს დედამიწაზე ადმინისტრირებადი არჩევნები, სადაც არ იყოს საშუალება, რომ შემდგომში პროცედურები ან პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწოს. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მთელი ათწლეულები, ეუთო/ოდირის მისიაზე თუ არის საუბარი და მათი რეკომენდაციების უმრავლესობა სრულდება, ის, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაშია. ასე, რომ ამ მხრივ, ჩვენი სამუშაო პროცესი და ურთიერთობები არა თუ არ შემცირებულა, პირიქით, უფრო ინტენსიური გახდება. შევხედავთ ჩვენ საერთაშორისო ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საბოლოო დასკვნებს და ცხადია, გვექნება შესაბამისი რეაგირება იქ, სადაც ასეთი რეაგირება აღმოჩნდება, რომ არის საჭირო ან შესაძლებელი. ამიტომაც, აქ მთავარია ახლა დაველოდოთ შესაბამისი ორგანიზაციების დასკვნებს, შემდგომ შევხედოთ ამ დასკვნებს, რეკომენდაციებს და ყველა ჩართულმა მხარემ ვნახოთ ძალა იმისთვის, რომ შემდგომ ეს რეკომენდაციები, თუკი ამის შესრულება შესაძლებელი იქნება, შევასრულოთ“, – აღნიშნა მან.









