პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული პროექტის განხილვისას პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა გათვალისწინების აუცილებლობაზეც დეპუტატებმა ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვისას ისაუბრეს, თუმცა მათი შენიშვნები დაკორექტირებულ პროექტში ასახული კვლავ არ არის. საუბარია მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდასა და სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რეზიდენტურის პროგრამის სახელმწიფო დაფინანსებაზე.
დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ჰკითხა, იგეგმება თუ არა მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა და რეზიდენტების სწავლის სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა.
„ნამდვილად შთამბეჭდავია წარმოდგენილი ბიუჯეტის ციფრები და ზრდა. ვხედავთ, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან კარგია, თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც, სამწუხაროდ, ბიუჯეტში ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვისას ჩვენ რამდენიმე საკითხი დავსვით. ახლა კი, როცა ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი წარმოადგინა, ვნახეთ, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები გათვალისწინებული არ არის.
ბატონო გიორგი, მინდა, ამ საკითხზე თქვენგან მოვისმინო პასუხი, ან იქნებ გვითხრათ, სამომავლოდ თუ იქნება ეს გათვალისწინებული. საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარება. ეს არის ბავშვების ერთი პატარა ჯგუფი, რომელთა მხარდაჭერაც აუცილებელია – ესენი არიან მარჩენალდაკარგული ბავშვები, რომლებზე ზრუნვაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს მოხდა ამ გასაცემლის გაორმაგება, თუმცა მას შემდეგ წლები გავიდა და გასაცემლის ოდენობა არ გაზრდილა. [ერთმხრივად ობოლი ბავშვისთვის (როცა ერთი მშობელი გარდაცვლილია) ყოველთვიური სოციალური პაკეტი შეადგენს 100 ლარს; ორმხრივად ობოლი ბავშვისთვის (როცა ორივე მშობელი გარდაცვლილია) ყოველთვიური სოციალური პაკეტი შეადგენს 150 ლარს]. გესმით, ხომ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა ამ ბავშვებისთვის.
მეორე საკითხი – სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დიპლომისშემდგომი განათლებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებათ. წარმოგიდგენიათ, რამდენად მძიმედ აისახება ეს წლები რეზიდენტების ფინანსურ მდგომარეობაზე? გარდა იმისა, რომ მათ ოჯახები ჰყავთ და საკუთარი თავის შენახვაც უწევთ, სწავლის საფასურიც აქვთ გადასახდელი, რაც მძიმე წნეხია. ვესაუბრე განათლების მინისტრს და ვიცი, რომ აქვთ მზაობა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხი ბიუჯეტში იქნეს გათვალისწინებული. გვაქვს უფასო ბაღი, სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი და უკვე დროა, ვიზრუნოთ, რომ ეს ციკლი სწორად და ადეკვატურად დასრულდეს.
რაც შეეხება რეზიდენტურის დაფინანსების საკითხს, იმედია, ამ საკითხს ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებთან გაივლით. საუბარია პირველ წელს 400 რეზიდენტი სტუდენტის დაფინანსებაზე, შემდეგ კი ეს რიცხვი გაიზრდება – 800, 1 200, ხოლო ოთხი წლის თავზე 1 600 სტუდენტის დაფინანსებაზე იქნება საუბარი. თუ ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია, შეიძლება, მოლოდინი მაინც შევქმნათ, რომ სტუდენტებმა იცოდნენ, რა პერსპექტივაა ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მარჩენალდაკარგული ბავშვების საკითხი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში ჯერ ასახული არ არის, თუმცა საბოლოო დაზუსტების პროცესში ამ საკითხზე იმსჯელებენ და მოგვიანებით საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ.
რაც შეეხება რეზიდენტურის დაფინანსების საკითხს, მინისტრის თქმით, ბიუჯეტის პროექტის შემდეგი წარდგენისას დეტალებზე მეტის თქმა იქნება შესაძლებელი. „ესაა უმაღლესი განათლების კომპონენტი და მნიშვნელოვანია პოლიტიკის განმახორციელებელთან კონსულტაციები, რის შემდეგაც პოზიცია ცნობილი გახდება,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.









