ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პაპუაშვილს სთხოვეს შეეფასებინა საქსტატის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა.
„ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უყურებს, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისგან. ჩვენი ხალხის ინტერესია კეთილდღეობის ზრდა. ამ შედეგებს ვაღწევთ. სულ ახლახან ვიყავი რომში, სადაც იყო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია. კონფერენციის ფორმატში მქონდა საშუალება ჩემს ევროპელ კოლეგებთან მესაუბრა ოფიციალური შეხვედრით, თუ სხვა ფორმატებში. ვსაუბრობდით ჩვენს ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ საქართველოს აქვს 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა. კი ამბობს ზოგი, რომ საქართველოს შურს სხვებისო, მაგრამ გვერწმუნეთ, ამ ციფრების ბევრ ქვეყანას შურს მაშინ, როდესაც ჩვენზე შემდეგ ქვეყანას ევროკავშირში ამის ნახევარი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს არის ფაქტი, რომ ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს. ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს, იგებს, ვინც უჯერებს – აგებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.









