ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, “ქართულ ოცნებას” მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის შესახებ.
მისი განცხადებით, აშშ-ის საელჩომაც, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადებით, ფაქტობრივად, დაგმო ოპოზიციური პარტიების მიერ პარტიების ბოიკოტი. როგორც ობოლაძე განმარტავს, ოპონენტების ამ ნაბიჯმა, მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციის საბოტაჟის შესახებ გაამყარა.
“ამერიკის საელჩომ რამდენიმე თვის წინ დადო განცხადება და მაგალითად, ოპოზიციას მოუწოდა, რომ ინსტიტუციებში უნდა იმუშაონ და თავისი აზრი გამოთქვან. საბოლოო ჯამში – ყოველ შემთხვევაში მე ასე წავიკითხე – თითქმის ბოიკოტი დაგმო. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო არასწორი. მე ვთვლი, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება იყო სწორი. მე ვთვლი, რომ პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რაღაცნაირ რიტორიკაში მაინც “არგუმენტი” აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ საუბრობს იმაზე, თითქოს პარტიები უნდა აკრძალოს და ვიღაც თავის ფუნქციას არ ასრულებს და საბოტაჟს ახდენს,” – განაცხადა ობოლაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.









