ესენი არ არიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ისინი რადიკალ-ექსტრემისტები არიან, რომლებიც საქართველოს უბედურებას ატეხდნენ თავს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალურმა ძალებმა საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობა განახორციელეს.
„ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ ბოლო პერიოდში, თუ რა ქმედებებს ახორციელებდნენ რადიკალები საქართველოს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. შეგვიძლია გავიხსენოთ ეს მოვლენები. სახელმწიფოს დამხობის არაერთი მცდელობა, რევოლუციური სცენარების განხორციელება გარედან მართული ძალების, აგენტურის მიერ. არაერთი მცდელობა ჩაუფლავდათ და მათ რომ მისცემოდათ საშუალება, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ქაოსსა და უბედურებაში გახვეული. ესენი არ არიან ოპოზიცური ძალების წარმომადგენლები. მათი სახელდება ოპოზიციად ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ესენი არიან რადიკალ-ექსტრემისტები, რომლებმაც საქართველოს ძალიან დიდი უბედურება დაატეხეს თავს ჯერ ხელისუფლებაში ყოფნიდან და შემდეგ გადაინაცვლეს და დაირქვეს ოპოზიცია. სინამდვილეში, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას ვერ მოასწრეს ისინი აგრძელებდნენ ამ რადიკალთა კრებულში ყოფნის დროს. არაერთი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც ლამის გადაწვეს დედაქალაქი. იერიშები მიიტანეს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოზე, შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და მთელი ეს ციკლი ღონისძიებების. თავის დროზე რომ აეკრძალათ ფაშისტური იდეოლოგია და მოძრაობა ევროპაში, კაცობრიობა თავიდან აიცილებდა ბევრ უბედურებას. ისევე, როგორც აკრძალული იყო ბოლშევიკთა პარტია, რომელმაც დიდი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას. არავის უნდა გაუკვირდეს, როდესაც მმართველმა გუნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ამ მოძალადეების, რადიკალ-ექსტრემისტების აკრძალვასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ესენი არიან დაუძინებელი მტრები თავიანთი სახელმწიფოსი, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგები, საკუთარი ქვეყნის, ხალხის დამსმენები“, – განაცხადა სოსიაშვილმა.









