21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

USA Today: კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს

კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, – ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.

სტატიის ავტორი ელიზაბეტ ვიზი აღნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, ოკეანეებში წყალი ცხელდება, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ ამ პროცესებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გლობალური ამინდის სისტემა, რომლებზეც მეცნიერები შარშანაც ღელავდნენ, წელს მზარდი მოწყვლადობის ნიშნებს აჩვენებს.

კერძოდ, ანტარქტიკაზე წყლის ყინული რეკორდულად დაბალ დონეზეა, ტყის ხანძრები კანადაში ჰაერს აბინძურებს, ოკეანეებში წყლის რეკორდული ტემპერატურა კი მარჯნებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ატლანტის ოკეანის დინებები შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად დაიმსხვრეს, რაც ამინდისა და კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოიწვევს.

სტატიაში ასევე მოყვანილია 5 გარდამტეხი მოვლენა, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდეს:

1. მყინვარების დნობამ შესაძლოა ოკეანეები გადატვირთოს;

2. ატლანტის ოკეანეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დინებები შესაძლოა გაჩერდეს და შეცვალოს კლიმატი აშშ-სა და ევროპაში;

3. ამაზონის ტროპიკული ტყეები შესაძლოა გაუჩინარდეს;

​4. ტყის ხანძრები ალასკასა და კანადაში ტყეებს საძოვარ მიწად გადააქცევს;

5. ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მარჯნის რიფები „მოხარშოს“.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს პროგნოზი არა დანებებისკენ, არამედ ქმედებისკენ მოწოდებაა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები