ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას, – წერს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის “პოლიტიკურ პატიმრად” მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული იმ ფონზე, რომ ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული. მახაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამგვარი მოთხოვნების არსებობა მართლაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ძალადობას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს.
“ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მით უმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.
დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა,” – წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.









