ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და მუქარა საქართველოში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.
სადღობელაშვილის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ღვინის დამატებითი კომპანიების შესაძლო დასანქცირებაზე საუბარი საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და რუსეთის დღის წესრიგის გატარების მცდელობაა.
მისი თქმით, სააკაშვილის მეთაურობით მოქმედი ოპოზიცია დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შექმნას ცდილობს, მაშინ როდესაც, რეალურად, თავად ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული.
„პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბაშვილის ინტერვიუს და პარალელურად სააკაშვილის მიერ გაკეთებული თვითმამხილებელი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მრავალწახნაგიანი აგენტურული ძალები არ წყვეტენ პროვოკაციებსა და ცდილობენ ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებას. მათთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტა, მათი აკრძალვა და პოლიტიკური ველის სრულიად გაჯანსაღება გადამწყვეტია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის დასაცავად. მხოლოდ აკრძალვით იქნება შესაძლებელი იმ პოლიტიკური ჯგუფების სრულად განადგურება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს სტაბილურობას, განვითარებასა და ერთიანობის აღდგენას.
– ზურაბაშვილის, ინტერვიუს ფონზე აშკარაა, რომ რუსეთის რიტორიკა და პირობები პროვოკაციულია და ხელს უწყობს საქართველოში დესტაბილიზაციას. მაშინ როდესაც, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა კიდევ დამატებით ღვინის კომპანიები დასანქცირდნენ სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის საკუთარი დღის წესრიგის გატანა და საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა.
ცალსახაა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მეტი არაფერი!
– მოგეხსენებათ, ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, ცდილობს დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების შექმნას, თითქოს “ქართული ოცნება” რუსეთის ინტერესის გამტარია, მაშინ როდესაც რეალურად, სწორედ რომ, ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული. მათ ერთობლივ “პინგ-პონგი” უკვე ისეთი აშკარაა რომ აღარც გვიკვირს “შემთხვევითობები” და “დამთხვევები”!
ეს ფარსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“ – წერს სადღობელაშვილი.









