ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ცალკეული გადაცდომები და არა სახელმწიფო პოლიტიკა. ერთი ერთში იმეორებს ამას დღეს ნაციონალური მოძრაობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მას კითხვა დაუსვეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იყო სისტემური და სისტემატური წამება სასჯელაღსრულების სისტემაში.
მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არამხოლოდ სამართლებრივია, საზოგადოებისთვის გახდა პოლიტიკური ვერდიქტის დადასტურების შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველებისა და მეხოტბეების საუბარს, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ რომ წამების სისტემა არსებობდა. კასრებში რაღაც იპოვეს, რა ვიცით რა არისო, მაშინ როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა იმ დანაშაულების მხილება. ვნახეთ რა დანაშაულს ჩადიოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი და მერე როგორ ადოკუმენტირებდა ამ ყველაფერს ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით, როგორ ინახავდა, იმისთვის, რომ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა. ცნობილია, რომ მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებზეც ჰქონდათ ასეთი ჩანაწერები და აშანტაჟებდნენ მათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.









