ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას მიერ სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული განცხადების პასუხად, სადაც აღნიშნა, რომ ის ნანობს წინა ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა.
გორდულაძის თქმით, ნიკა გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა. ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პირადი სახსრებით, რომლის არც ერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვა ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციით, უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთებით.
ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით.
ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.
ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს.
რამდენიმე წლის წინ, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” და დღესაც, ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.
მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









