11 ოქტომბერი, კვირა, 2026
11 ოქტომბერი, კვირა, 2026

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენია ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი? ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი

ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება — ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით — წელს სრულიად საქართველო საზეიმო სულისკვეთებით აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენი ერის მიერ გაკეთებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა სულიერმა არჩევანმა საუკუნოდ განსაზღვრა ქართველი ერის კულტურული სახე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ისტორიული გზა.

საუკუნეთა მანძილზე საქართველო წარმოადგენდა როგორც გეოგრაფიულ და ცივილიზაციურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ასევე კულტურული თუ კონფესიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული თანაარსებობის უნიკალურ სივრცეს.

ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან მუდმივი ჭიდილისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკაა. ამ ურთულეს გზაზე, ნებისმიერი ძნელბედობის ჟამს, ქართველ ერს საყრდენად დედაეკლესია ევლინებოდა — იგი კრავდა და აერთიანებდა ხალხს, იცავდა ჩვენს მამულს, მშობლიურ ენას, ეროვნულ ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებას.

ქრისტიანობა ჩვენთვის იყო სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც უმძიმეს ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია ფასეულობებია.

დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენია ვალია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი?

ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება — ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი. ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას — მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა.

სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განმსაზღვრელ ფუნდამენტს. დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება. ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური.

1700 წლის წინად ჩვენი წინაპრების არჩევანმა ჩვენი ერის მარადიული არსებობა განსაზღვრა. დღევანდელი მრავალმხრივი გამოწვევების ფონზე, სწორედ ამ შვიდ მარადიულ საყრდენზე უნდა აღიმართოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო და მისი სტრატეგიული განვითარება.

ჩვენი საერთო ვალია, ეს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური და ეროვნული იდენტობა უვნებლად გადავცეთ მომავალ თაობებს, რადგან საუკუნეთა ქარტეხილებში გამოწრთობილი ეს მემკვიდრეობა არის ძლიერი, ერთიანი და სუვერენული საქართველოს უმთავრესი საწინდარი!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები