ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე, – განუცხადა ტანზანიაში ვიზიტად მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ქართულ მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებების გამო აბულინგებენ.
„ირონიით ვიტყვი – შვილი ასეთი უნდა გაზარდო მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის სინამდვილეში, რასაც „ნაცობა“ ნიშნავს – პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში. „ნაცი“ ოჯახშიც ნაცია და გარეთაც. სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, მათ შორის არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს თვეების განმავლობაში პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩის პირადი ჩართულობით 2024 წლის არჩევნებიდან.
ხდებოდა კულტივირება აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს, შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ. გამოვიდა ევროკომისრის პრესსპიკერი, რომელმაც თქვა, რომ მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბრის აქციას, რომელიც დაანონსებული იყო როგორც დამხობის აქცია. მივიღეთ ის, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, აღმოჩნდნენ ციხეში, იხდიან სასჯელს და რა მიიღეს სანაცვლოდ?! ისინი არიან დღეს მხოლოდ მასალა ევროპარლამენტის რეზოლუციებისთვის და განცხადებებისთვის. მასალად ჰყავს ბრიუსელს გამოყენებული ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ. ეს ადამიანები არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათივე ინტერესია, რომ თავი იარაღად არ გამოაყენებინონ და აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.









