ჩინეთის სიჩუანის პროვინციის ცენტრალური ტელევიზია (Chengdu Radio & Television Station) საქართველოს ეწვია. ჩინელი ჟურნალისტები საქართველოში „პანდა გლობალ სალონის“ პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ, რომელიც მიზნად ისახავს „სარტყელისა და გზის“ ქვეყნებს შორის კავშირის გაღრმავებას და ხალხებს შორის მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობების განმტკიცებას.
საქართველო კავკასიის გული და მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის. სიჩუანის კომპანიებისთვის საქართველო წარმოადგენს ჰაბს რომლითაც ჩინური მხარე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება. მას შემდეგ რაც საქართველომ სტაბილურად დაიმკვიდრა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი მსოფლიოს რუკაზე, თბილისის მნიშვნელობა სიჩუანისთვის უფრო და უფრო იზრდება და იგი ყალიბდება როგორც ფანჯარა დასავლეთის ბაზრებისკენ – ნათქვამია სიჩუანის ტელეკომპანიის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში გადაცემის ჯგუფი ესაუბრა საქართველოში ბაზირებული ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, ქართველ ბიზნესმენებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ჩინეთისა და ჩინურ-ქართული ურთიერთობების თემატიკაზე.









