„ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანად თუ ინდივიდუალური სახით, არის ისტორიის ის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. ამავდროულად, იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი ხელისუფლება არ უნდა აირჩიოს ხალხმა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბრისას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეტანილ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში განიხილავს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ისეთი ჭირისგან, როგორიც „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“.
„ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ სააკაშვილის ზონდერჯგუფები, მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და ელიტური მაქინაციური ეკონომიკის შემქმნელები, არამედ გარე დაკვეთებზე მორგებული, მითითებების ნებით შემსრულებელი მარიონეტები არიან. ეს არის ინტერვენციაში მონაწილე პოლიტიკური ძალა, რომელსაც დამკვეთი საზღვრებს გარეთ ჰყავს. ამ
პარტიას არანაირი კვეთა ან ბუნებრივი თუ დრამატურგიული ბმა არ აქვს ადგილობრივ ამომრჩეველთან, შესაბამისად, არც ეროვნულ ინტერესებთან აქვს შეხება, ამიტომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს. იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს ამ წარმონაქმნისგან, რომელიც მინიმუმ 20 წელია წამლავს ქართულ საზოგადოებას”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ ჩაემატა გახარიას პარტია იმ პოლიტიკური პარტიების სიას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამის საფუძველი თავად პარტიის ლიდერია.
“ბუნებრივია, გახარიას პარტია საკონსტიტუციო სარჩელში რადიკალური პარტიების ჩამონათვალს დაემატებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია სხვა ქვეყანაშია გაქცეული, შესაბამისად, სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები მარტივად შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. უცხო ქვეყნის ძალები გახარიაზე მოახდენენ მანიპულაციას, ამ გზით კი გახარია საკუთარ პარტიას საქართველოში უცხო ძალების ინტერესებს გაატარებინებს და მათ მიერ დავალებულ კონკრეტულ საქმეს გააკეთებინებს.
ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვაზეც იმსჯელოს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიდემ.









