საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დენის კულანინის საქართველოდან გაძევების ბრძანება გამოსცა. მას ქვეყნის ნებაყოფლობით დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა განესაზღვრა, ხოლო საქართველოში შემოსვლა ხუთი წლით აეკრძალა.
შსს-ს ცნობით, კულანინის მიმართ ქვეყნიდან გაძევების პროცედურები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა.
აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების შუამდგომლობით მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კულანინის გაძევების შესახებ ბრძანება 4 სექტემბერს მიიღო.
უწყების განმარტებით, პირს შვიდდღიანი ვადა მიეცა, რათა საქართველოს ტერიტორია ნებაყოფლობით, მისთვის სასურველი მიმართულებით დატოვოს. თუ იგი ქვეყანას განსაზღვრულ ვადაში არ დატოვებს, სასამართლოს ბრძანება იძულებით აღსრულდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს საქართველოში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა.









