იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩიბას ზოგიერთ ნაწილში 24 საათის განმავლობაში 360 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სააგენტოს მიხედვით, დადასტურებულია ოთხი ადამიანის დაღუპვა, ხოლო ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
22 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო ასობით ადამიანმა ღამე დროებით ევაკუაციის ცენტრებში გაატარა. რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა მოგვიანებით ნარიტასა და ტოკიოს დამაკავშირებელი ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა აღდგა, რამაც საცობების შემცირებას შეუწყო ხელი.
ნარიტას აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისები ჩვეულებრივად სრულდებოდა, თუმცა ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა ზოგიერთი რეისი დაგვიანდეს, მაგრამ ფრენების გაუქმება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩართეს, რადგან ხელისუფლება წყალდიდობას და რეგიონში ტრანსპორტის მნიშვნელოვან შეფერხებებს ებრძოდა.









