ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯარხანდის შტატში პოლიციამ ათასობით ახალგაზრდა დემონსტრანტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები მსვლელობით შტატის საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებოდნენ და საჯარო სამსახურის გამოცდებთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების გამოძიებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა ბანერი და ინდოეთის დროშები ეჭირათ.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ აღმართული ბარიერების გადალახვა სცადეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიციის განცხადებით, ძალის გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე დემონსტრანტი აგრესიულად მოიქცა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ახალგაზრდული მოძრაობის, „ტარაკნების პარტიის“ ორგანიზებით დემონსტრაციები გაიმართა. პროტესტის მიზეზი განათლების სისტემითა და ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების სიმცირით გამოწვეული უკმაყოფილება იყო, თუმცა უშუალო საბაბი გახდა სამედიცინო უნივერსიტეტებში მისაღები ეროვნული გამოცდის სკანდალი, სადაც 130 ათასამდე ადგილისთვის ორ მილიონზე მეტი მსურველი იბრძოდა.
მედიის ცნობით, აბიტურიენტთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგამოცდო საკითხები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ გაიყიდა. საბოლოოდ ხელისუფლებამ შედეგები გააუქმა და გამოცდის ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. ასევე, მედიის ცნობით, ამ სკანდალს 20-ზე მეტი სტუდენტის სავარაუდო თვითმკვლელობა უკავშირდება. საპროტესტო გამოსვლების ფონზე გასულ თვეში თანამდებობა დატოვა ინდოეთის განათლების მინისტრმა, დჰარმენდრა პრადჰანმა.









