29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026
29 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

პირს, რომელმაც მიწის სიღრმეში აშენებულ სარდაფში, 283 ქოთანში უკანონოდ მოიყვანა დიდი ოდენობით „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ინახავდა დიდი ოდენობით „გამომშრალ მარიხუანას“, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”.

„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2025 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები