გასული წლის გაზაფხულზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაცილებით მარტივი ჩანდა, თუმცა, როგორც ოფიციალური ბუდაპეშტი პროცესის შენელებას კვლავ განაგრძობს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ექვს საკვანძო მიმართულებად, ე.წ. კლასტერად, არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებას ითვალისწინებს. თითოეული კლასტერის გახსნა და დახურვა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს.
ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ ექვსივე კლასტერის გასახსნელად ყველა ოფიციალური მოთხოვნა უკვე შეასრულა და წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მოუწოდა, მოლაპარაკებების პროცესი გააგრძელონ.
როგორც Financial Times-ი წერს, მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების წინსვლას ბლოკავდა, აპრილში უნგრეთის რეფორმატორი პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის არჩევამ კიევს შესაძლებლობა მისცა, ივნისში პირველი – „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერის შესახებ მოლაპარაკებები გაეხსნა. მიმდინარე თვეში კი მოლაპარაკებები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კლასტერის მიმართულებითაც დაიწყო.
თუმცა, საკითხზე ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, გასულ კვირას ბუდაპეშტმა მეორე და მესამე კლასტერების გახსნა შეაფერხა. ეს კლასტერები, შესაბამისად, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციასა და ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის სფეროს მოიცავს. აღნიშნული ნაბიჯი მიუთითებს, რომ უნგრეთი უკრაინის მიმართ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან სრულად დისტანცირებას კვლავ ერიდება.
ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა შეფერხებას დროებითი უწოდა და აღნიშნა, რომ საკითხი, სავარაუდოდ, მოგვარდება. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პეტერ მადიარის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, პირდაპირი პოლიტიკური ჩართულობა იქნება საჭირო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. ამასთან, მასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიდი ხნის განმავლობაში დაანონსებული შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.
უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბუდაპეშტი უკრაინისთვის „დაჩქარებული პროცედურის“ მინიჭებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, კიევმა არ უნდა მიიღოს უფრო ხელსაყრელი პირობები, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატმა ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესასრულებლად უკვე მრავალი წელია მუშაობენ.









