უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. ამგვარად ის ცდილობს გამოსავალი იპოვოს თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში შექმნილი სამხედრო ხელმძღვანელობის ყველაზე სერიოზული კრიზისიდან. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ამ შაბათ-კვირას ზელენსკი სამხედრო მეთაურებს იხმობს, რათა მათგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შეფასება მოისმინოს. ასევე, მას განზრახული აქვს, გასაუბრება ჩაატაროს მთავარსარდლის თანამდებობის კანდიდატებთან.
როგორც წყარომ გამოცემას განუცხადა, პრეზიდენტი მზადაა, სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, თუ იპოვის ისეთ მეთაურს, რომელიც შეძლებს უფლებამოსილების შეუფერხებლად გადაბარებას და, ამავდროულად, 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ საიმედო თავდაცვის შენარჩუნებას.
როგორც აღინიშნება, პრეზიდენტმა სირსკის გათავისუფლების შესაძლებლობის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები „მთავარსარდლის წინააღმდეგ მიმართულ უფრო ფართო კამპანიაში გადაიზარდა“.
გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს ათასობით უკრაინელი პრეზიდენტის ოფისის შენობასთან სკანდირებდა: „სირსკი – წადი!“. ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გახდა.









