აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს გზავნილი თეირანს როგორც პირდაპირი არხებით, ისე რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადაეცა. ამის შესახებ გამოცემას აშშ-ის სამმა მაღალჩინოსანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ირანმა სამი კვირის წინ ვაშინგტონთან გაფორმებული მემორანდუმი დაარღვია, რადგან ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე აკვატორიაში კომერციულ გემებს არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი.
გამოცემის ინფორმაციით, ამ თავდასხმებმა ისედაც მყიფე შეთანხმება ჩაშლის ზღვრამდე მიიყვანა. ამ ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „დასრულებულია“.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, თუ ირანს ასეთი მარტივი ვალდებულების შესრულებაც არ შეუძლია, ეს სერიოზულ ეჭვს აჩენს მის მზადყოფნასა და შესაძლებლობაზე, შეასრულოს გაცილებით უფრო რთული ბირთვული შეთანხმება.
AXIOS-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი საიდ ბადრ ალ-ბუსაიდი დღეს მუსკატში შეხვდებიან, სადაც ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.









