ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება, ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს. ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს, მათი გადადგმული ნაბიჯები სიტუაციის ესკალაციას ემსახურება და არა ლოკალიზაციასა და შეთანხმების მიღწევას.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აწესებს სანქციებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ისე არ მუშაობს, როგორც მოლოდინი იყო. მეორე მხრივ, უკრაინას აძლევს ფინანსურ და სამხედრო რესურსს, რათა ომი გაგრძელდეს და ფაქტობრივად ნაბიჯსაც არ დგამს ზავისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური დახმარების ნაწილი კრედიტია და არა საჩუქარი, რომლის გადახდაც უკრაინას შემდგომ წლებში მოუწევს.
თავის მხრივ, ტრამპი ნამდვილად იმედგაცრუებულია ევროპით, რადგან ირანის კონფლიქტის დროს ევროპა ამერიკის მოკავშირე არ აღმოჩნდა. პირიქით, მან ტრამპს დახმარებაზე უარი განუცხადა (სწორი იყო ევროპის პოზიცია თუ არასწორი, ეს სხვა წერილის თემაა). შესაბამისად, ევროპაზე გაბრაზებული ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპაზე დომინაცია მოიპოვოს და ევროპული ქვეყნების როლი კიდევ უფრო შეამციროს, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით.
დღეს მთელი მსოფლიოს მიზანი უკრაინა-რუსეთის შეთანხმება და ომის დასრულება უნდა იყოს, მაგრამ ევრობიუროკრატების შეშფოთებაში კარგად იკითხება, რომ მათთვის ომი მომგებიანია. ომის შიშმა და დეფაქტო საომარმა მდგომარეობამ მათ გარკვეული მიმართულებით ხელ-ფეხი გაუხსნა. ისინი საკუთარ ქვეყნებში აღარ ატარებენ ეროვნულ პოლიტიკას, არამედ, ხელისუფლების, გარკვეულწილად ოკუპაციის პირობებში, სახელმწიფოებისთვის მიუღებელ კურსს ახორციელებენ, რაზეც მათი შიდა რეიტინგებიც მეტყველებს: ფონ დერ ლაიენს რეალურად არავინ ირჩევს, ხოლო მერცის, მაკრონისა და სტარმერის რეიტინგები კრიტიკულად დაბალია. ევროპაში გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ გავლენას, რომელსაც ისინი ფლობენ.
ევროპაში რეალურად უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვას ვხედავთ. მსგავსი პოლიტიკური მოდელის დანერგვას ისინი საქართველოშიც ცდილობდნენ, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლო.“ – წერს ჩიხელიძე.









