ეს დღე ჩვენია – საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. სამი საათი დარჩა 26 მაისის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე – მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადება.
დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. საზეიმო ღონისძიების დასასრულს, ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებსა და დედაქალაქში გაიმართება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას – 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს. დედაქალაქი მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს.
12:00 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ. თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის გათვალისწინებული სივრცეები შეიქმნა, მათ შორის საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი, სპორტის, ღვინისა და ხორბლის. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.









